ფლანგვის დეტექტორის ინფორმაციით, ბოლო 4 წელში განათლების სისტემის ხარჯები იზრდებოდა და 6.5 მილიარდი ლარი შეადგინა, თუმცა განათლების დონე უარესდება.
როგორც ფლანგვის დეტექტორის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, 2018-2021 წლებში საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს დასაფინანსებლად ბიუჯეტიდან 6,579,855,600 ლარი დაიხარჯა, მათგან 326,992,400 ლარი დაიხარჯა სამინისტროში დასაქმებულ პირთა შრომის ანაზღაურებაზე. ამ წლების განმავლობაში სამინისტროში საშუალოდ 8,356 ადამიანი იყო დასაქმებული.
ორგანიზაციაში ამბობენ, რომ სამინისტრო სრულად ახერხებს მისთვის გამოყოფილი თანხების ათვისებას, მაგალითისათვის 2019 წელს სამინისტროს ბიუჯეტის შესრულების მაჩვენებელი 100.84% იყო, ხოლო 2020 წელს - 100.34%.
"საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო წლიდან წლამდე, არათუ სრულად ითვისებს მისთვის გამოყოფილ თანხებს, არამედ გადახარჯვაც აქვს და ფაქტობრივად დახარჯული თანხა, თითქმის ყოველთვის აღემატება წინასწარ განსაზღვრულ გეგმას.
მაგალითად 2019 წელს დაზუსტებული გეგმის თანახმად 1,633,696, 740 ლარით უნდა დაფინანსებულიყო, თუმცა ფაქტობრივად გამოყოფილმა თანხის ოდენობამ წლის ბოლოს 1,647,361,520 ლარი შეადგინა. ასე მოხდა 2020 წელსაც, რა დროსა გეგმის თანახმად სამინისტროს 1,540,344,710 ლარი უნდა დაეხარჯა, თუმცა 1,545,628,320 ლარი დახარჯა.
მიუხედავად მუდმივად მზარდი ბიუჯეტისა და განათლების მიმართულებით სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი თანხების მოცულობისა, განათლების ხარისხი ქვეყანაში წლიდან წლამდე უარესდება.
აღსანიშნავია, რომ საქართველომ სამჯერ მიიღო მონაწილეობა PISA-ს საერთაშორისო კვლევაში, რომელიც ამოწმებს 15 წლის მოზარდების მზაობას, გაუმკლავდნენ ყოველდღიურ გამოწვევებს იმ ცოდნისა და უნარების გამოყენებით, რომლებიც სკოლაში მიიღეს. PISA-ს კვლევა 2000 წლიდან ტარდება. საქართველომ კვლევაში მონაწილეობა 2009, 2015 და 2018 წლებში მიიღო. ბოლო კვლევის თანახმად, ქართველ მოსწავლეებს კითხვაში, მათემატიკასა და საბუნებისმეტყველო მეცნიერებებში საშუალოზე დაბალი შეფასება ჰქონდა.
საქართველოს რეიტინგი 2018 წელს, 2015 წელთან შედარებით გაუარესდა. 2018 წლის კვლევაში აღნიშნულია, რომ საერთაშორისო რეიტინგების მიხედვით, ქართველ მოსწავლეთა განათლების დონე საგრძნობლად ჩამორჩება საშუალო მაჩვენებელს, როგორც დაწყებითი განათლების საფეხურზე, ასევე საშუალო განათლების საფეხურზე", - წერია ფლანგვის დეტექტორის ინფორმაციაში.